133-ე საჯარო სკოლა

May 28, 20195 min

ნანა დიხამინჯია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი.

ნანა დიხამინჯია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი, ასევე სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი.


 
რას გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში და რატომ არის თანამედროვე სკოლებში მისი დანერგვა მნიშვნელოვანი?


 
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება გულისხმობს ყველა საგნის სწავლებას იმგვარად, რომ ციფრული წიგნიერება მოსწავლეებში განვითარდეს, როგორც გამჭოლი კომპეტენცია. ასევე ის გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლებას და ამასთანავე, არა მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებით მზა მასალის მიწოდებას, არამედ თავად ტექნოლოგიური წიგნიერების უნარების განვითარებას მოსწავლეებისთვის.


 
გარდა ამისა, ამაში იგულისხმება ცალკე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის სწავლება, რაც მოიცავს როგორც ციფრულ წიგნიერებას, ასევე კომპიუტერულ წიგნიერებას და მედია წიგნიერებას.


 
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ტექნოლოგიებით გაჯერებულ სამყაროში ვცხოვრობთ და დროის სვლასთან ერთად ტექნოლოგიების როლი კიდევ უფრო გაიზრდება. ნებისმიერი მიმართულება მეცნიერებისა აქტიურად იყენებს ტექნოლოგიებს, აუცილებელია თანამედროვე სკოლიდან გამოსულ ადამიანს ქონდეს ეს უნარები, იმისთვის რომ წარმატებით გაუმკლავდეს სხვადასხვა სირთულეებს ცხოვრებაში და წარმატებით გამოიყენოს თავისი პოტენციალი.


 
შეგიძლიათ ტერმინი ტექნოლოგიური წიგნიერება უფრო დეტალურად განმარტოთ და როგორ უნდა მოხდეს ამ უნარის განვითარება მოსწავლეებში?


 
ტექნოლოგიური წიგნიერება გულისხმობს, რომ ადამიანს გააზრებული აქვს როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები და შეუძლია საბაზისო დონეზე გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები. ფაქტიურად მიდგომა ისეთი უნარების განვითარების მიმართ, როგორიცაა წერა-კითხვა ვრცელდება ტექნოლოგიების მიმართაც, რადგან ტექნოლოგიები დღეს ყალიბდება თანამედროვე წიგნიერებად.


 
არსებობს ტექნოლოგიური წიგნიერების სწავლების აპრობირებული მოდელები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში დანერგილა. ქართულ სკოლებში ჯერ-ჯერობით ეს ფუნქცია მეტწილად აქვს მხოლოდ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანს, თუმცა სხვა ქვეყნებში ვხედავთ რომ ტექნოლოგიური წიგნიერება წარმოადგენს გამჭოლ კომპეტენციას, რომელიც ისწავლება ყველა საგანში და მისი საშუალებით ხდება ისტორის, მათემატიკის, კითხვის სწავლება. აქტიური სწავლების პროცესში ტექნოლოგიები მუდმივად გამოიყენება. გაცილებით ეფექტურია ტექნოლოგიური წიგნიერების განვითარება, როდესაც ხდება მისი სხვადასხვა საგნებში ინტეგრირება, მაგალითად, გეოგრაფია შესაძლოა ისწავლებოდეს გეოინფორმაციული სისტემის გამოყენებით. ისტორიაში გამოყენებულ იქნას მონაცემთა ანალიზის ან ინფოგრაფიკის სხვადასხვა შესაძლებლობები. ასე გაცილებით უკეთ მივაღწევთ შედეგს, ვიდრე ცალკე განყენებულად საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიის საგნის ფარგლებში სწავლებით.


 
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცალკე საგნად სწავლება ალბათ უფრო უნდა ემსახურებოდეს პროგრამირების საწყისების, პროგრამირების ლოგიკური აზროვნების განვითარებას. ამ ტიპის აზროვნების სწავლება, რაც გულისხმობს მანქანური ტიპის აზროვნების განვითარებას, საჭიროა იმისთვის რომ ადამიანმა გაიაზროს თუ როგორ მუშაობს მანქანა. ასეთი სწავლების დაწყება შესაძლებელია ბაღიდანაც კი, კომპიუტერის გამოყენების გარეშეც კი,

საუბარია ალგორითმული აზროვნების განვითარებაზე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სამაგიდო თამაშებითაც კი განვითარდეს.

ასეთი სწავლება არ გულისხმობს კომპიუტერის სამომხმარებლო ფუნქციით გამოყენებას, ამ ფუნქციით მოსწავლეები ისედაც იყენებენ კომპიუტერს და ეს არ ავითარებს ალგორითმულ აზროვნებას.


 
რა მთავარი სირთულეები და გამოწვევები არსებობს ციფრული ტექნოლოგიების დასანერგად საქართველოს სკოლებში?


 
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ადამიანური რესურსი, მსგავსი ცოდნისა და უნარების მქონე მასწავლებლები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი სპეციფიკური ჯგუფის სახით. თუ ჩვენ გვინდა რეალურ შედეგებზე გავიდეთ ყველა მასწავლებელს უნდა ქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია, რათა თავისი საგნის სწავლებისას კარგად გამოიყენოს. არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსწავლეებს ტექნოლოგიები ასწავლოს, არამედ იმიტომ, რომ აქტიური სწავლების მეთოდიკა გამოიყენოს და ჩაატაროს ისეთი გაკვეთილი, რომელიც უფრო მეტად დააინტერესებს მოსწავლეებს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თუ დავაკვირდებით უნივერსიტეტების პროგრამებსაც ტექნოლოგიების გამოყენება შეზღუდულად ისწავლება, როგორც მასწავლებლების მომზადების, ისე განათლების ადმინისტრირების პროგრამებში.

თუ ვსაუბრობთ ცალკე საგნად ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის სწავლებაზე, რომელიც ალგორითმული აზროვნების განვითარებაზე უნდა გავიდეს, ამ შემთხვევაშიც სერიოზული პრობლემაა ადამიანური რესურსი.


 
მეორე სირთულე ეს არის, რომ სტანდარტი არის ბუნდოვნად განსაზღვრული და იძლევა დიდი ვარირების შესაძლებლობას. მაგალითად მე–5, მე-6 კლასის სახელმძღვანელოები, რომლებიც შარშან იყო შემოთავაზებული ასწავლიდა საოფისე პროგრამებს, და არა ინფრომაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ის არ გადიოდა ციფრული წიგნიერების შედეგებზე და ხელს უწყობდა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლების გაზრდას, რასაც დღევანდელობაში ბავშვები თავისითაც აკეთებენ, რადგან მათთვის ეს არის ბუნებრივი გარემო.


 
ჩვენ გვჭირდება მოსწავლეებში ისეთი კომპეტენცების განვითარება, რომლის შედეგად ისინი მხოლოდ ტექნოლოგიების პასიურ მომხმარებლებად კი არ ჩამოყალიბდებიან, არამედ უნდა გავზარდოთ აქტიური მომხმარებლები, რომლებსაც შეეძლებად ტექნოლოგიების გაუმჯობესება და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენება.

კიდევ ერთი სირთულე ისაა თუ რამდენად არის სკოლების კომპიუტერული ბაზები გამართული და რამდენად არის მზად მსგავსი ტიპის სწავლებისთვის. რესურსების სიმწირეც გვაქვს. უცხოურ სკოლებს ძალიან ბევრ რესურსზე მიუწვდებათ ხელი. ბევრი სასწავლო რესურსი არსებობს ინგლისურ ენაზე. ცხადია ჩვენ ქართულენოვან მოსწავლეებს ვერ ვასწავლით თავიდანვე ინგლისურენოვანი რესურსების გამოყენებით. არის გადმოქართულებული რესურსები, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა. ვინაიდან გარდამავალ პერიოდში ვართ, და მასწავლებლების კონტიგენტიც სრულად არ არის მზად ასეთი სწავლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული რესურსების გამოყენება.


 
ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რა სწავლის შედეგზე გვინდა გასვლა. არ უნდა გვეგონოს, რომ თუ ვინმე „შინაურულად“ გრძნობს თავს კომპიუტერთან – ეს არის სწავლების
 
შედეგი.


 
საზოგადოებაში და კონკრეტულად სასკოლო საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებები თუ გეჩვენებად გამოწვევად, ტექნოლოგიები შესაძლოა ჯერ კიდევ განიხილებოდეს, როგორც ხელის შემშლელი სწავლების პროცესში?


 
ამჟამად მიმდინარეობს ერამუს+–ის ძალიან საინტერესო ტრენინგ პროგრამა, რომელიც გულისხმობს აქტიურ სწავლების პროცესში ტექნოლოგიების და გემიფიკაციის გამოყენების (თამაშების გამოყენებას) სწავლებას. აუცილებელია, რომ განათლების ყველა პროგრამაში, მათ შორის მასწავლებლების მომზადების პროგრამაში მსგავსი ტიპის კურსები დაინერგოს, რომელიც ასწავლის თუ როგორ შეიძლება ამ ინსტრუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ უკეთესად ასწავლო გეოგრაფია, ისტორია და ა.შ. ეს არის დღეს ჩვენი სამყარო, და აღარ ვართ მარტო დაფის და ცარცის იმედად და არ შეიძლება ვასწავლიდით ისეთივე მეთოდებით, როგორც ადრე. ასევე მნიშვნელოვანი მასწავლებლების დატრენინგებაც ამ მიმართულებით, უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ თეორიულად მასალის მიწოდება, არამედ მასწავლებლებმა თავად უნდა გაიგონ და იგრძნონ თუ როგორ შეიძლება უკეთესად ისწავლონ და ამის შედეგად დაინახავენ მოსწავლეებიც რამდენად უკეთესად გავლენ იმ სასწავლო შედეგებზე, რომლებსაც მათ უსახავენ.


 
რა რისკები ახლავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყნებას სასკოლო სწავლების პროცესში და როგორ შეიძლება ამ რისკების შედეგად წარმოქმნილი შესაძლო პრობლემები დაიძლიოს?


 
რისკები, რაც ახლავს ამ პროცესს, შესაძლოა იყოს არასწორი დაგეგმვა, შეიძლება რაღაც რესურსები შევქმნათ და ეს რესურსები არასწორად მივაწოდოთ მოსწავლეებს და გვეგონოს რომ რაღაცას ვაკეთებთ, და ვერ გავიდეთ სასურველ შედეგზე. უნდა გავითვალისწინოთ ის სირთულეები, რომლის წინაშეც ვდგავართ.

მნიშვნელოვანია მასწავლებლების გადამზადება, ასევე მნიშვნელოვანია სკოლებში ანაზღაურების საკითხიც. ვინაიდან ტექნოლოგიური სფერო ზოგადად მაღალანაზღაურებად სფეროს წარმოადგენს. იმისთვის, რომ სკოლებმა მიიზიდონ უფრო კვალიფიციური კადრები საჭიროა ამ საკითხის მოწესრიგებაც.


 
რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ კონკრეტულ სკოლას, რომელმაც უნდა დანერგოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში?


 
ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ბიუჯეტის არსებობის პირობებში, შესაძლოა მცირე ბიუჯეტითაც გარკვეულ შედეგებამდე გახვიდე. სკოლას ვურჩევდი, რომ მკაფიოდ განსაზღვროს პრიორიტეტი იმის მიხედვით თუ რა ბიუჯეტი აქვს, გაითვალისწინოს რისკები და ჩართოს მოსწავლეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანია თუ როგორ მოახერხებს სკოლა ამ პროგრამაზე მორგებას, რაც ამჟამად ინერგება. სკოლას შესაძლოა დაჭირდეს გადაწყობა, ადაპტირება ამ პროგრამაზე და ამ პროცესში მუდმივი კავშირი უნდა იქონიოს მოსწავლეებთან, რათა შეფასება მოახდინოს ესა თუ ის სასწავლო მოდული რა შედეგზე გადის და გადის თუ არა საერთოდ შედეგზე.


 
გარდა ამისა კარგი საშუალებაა კლასგარეშე კლუბების შექმნა, კოდირების ან „რობოტიქსის“ და მსგავსი ტიპის კლუბები. ამ პროცესში შესაძლებელია მშობლების მაღალკლასელების, სტუნდენტების ჩართვაც. გამოიყენოს მსგავსი ტიპის რესურსები, რათა უფრო მოქნილი გარემო შეიქმნას, რათა უფრო მეტად დაინტერესდნენ მოსწავლეები.


 
რა კომპეტენციებს და უნარებს მისცემს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლება ადამიანს, რომელიც დაამთავრებს სკოლას?


 
ჩვენ ვხედავთ, რომ ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის განვითარება იწვევს იმას, რომ გადავდივართ ცხოვრების სრულიად ახალ მოდელზე. ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება. მომსახურების დარგები უმეტესად გადავა რობოტიკის გამოყენებაზე, სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებები გადადის მანქანურ დასწავლაზე. ვხედავთ რომ არსებობს უკვე „ექიმი“, რომელიც სვამს დიაგნოზს და ეს არის პროგრამა, არის „ადვოკატი“, რომელიც იძლევა რჩევებს. ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ვცხოვრობთ და გაიზრდება მოთხოვნა ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ნებისმიერ მეცნიერების მიმართულებით მომუშავე ადამიანს აუცილებლად დასჭირდება ტექნოლოგიების ცოდნა. მონაცემთა ანალიზის გარეშე ვერცერთი მეცნიერება ვერ იმუშავებს. თუ ადამიანი მზად არ იქნება რომ ქონდეს ეს უნარები, ის ვერ დაძლევს ამ გამოწვევებს.


 
საქართველოში ჯერ–ჯერობით ინფრომაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება მიმდინარეობს, როგორც მყარი ცოდნის მიწოდება, მაგალითად საოფისე პროგრამების სწავლა. ამის თვითსწავლა ისედაც შეუძლიათ მოსწავლეებს. ტექნოლოგიები იმით განსხვავდება სხვა სფეროებისგან, რომ ძალიან სწრაფად იცვლება. შესაბამისად ის ცოდნა, რასაც ახლა მივცემთ მოსწავლეებს შესაძლოა 5 წლის მერე მოსწავლეებს უკვე აღარ გამოადგეთ, ფაქტობრივ ცოდნას ვგულისხმობ.


 
ჩვენ მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ თვითსწავლის უნარი, თვითგანვითარების უნარი ტექნოლოგიების კუთხით, უნდა განვუვითაროთ ალგორითმული აზროვნების უნარი, მოსწავლეს უნდა ესმოდეს როგორ მუშაობს პროგრამა, როგორ მუშაობს ალგორითმი, როგორ მუშაობს მანქანა და შემდეგ შეეძლოს თვითსწავლა ნებისმიერი ახალი პროგრამის. უნდა განვავითაროთ თვისწავლის უნარი და არა ფაქტობრივი ცოდნა ტექნოლოგიების კუთხით.

    210
    39